ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სირიაში შეჭრას კიდევ ერთხელ აპირებს

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში ახალი სამხედრო ოპერაცია დააანონსა. მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისინი განაახლებენ მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთში თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ მალე გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს იმ პროექტის დასასრულებლად, რომელიც ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხო ზონის შექმნას ითვალისწინებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანს სირიაში მორიგი შეჭრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ ის თქვა, რომ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც თურქეთის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახურები დაასრულებენ მზადებას.


თურქეთის მიზანი სირიის ჩრდილოეთში მყოფი ქურთული და ქურთების მოკავშირე ძალების გაუვნებელყოფა და მისი საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხო ზონის“ შექმნაა.

სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ სირიის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს, მას შემდეგ, რაც იქიდან „ისლამური სახელმწიფო“ განდევნეს.

თუმცა, თურქეთის ხელისუფლებას ქურთი სამხედროების მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს. ანკარაში ამტკიცებენ, რომ „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქვეშ მოქმედი ქურთები თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობენ.

ქურთების წინააღმდეგ თურქეთმა გასულ წლებში უკვე ჩაატარა ორი სამხედრო ოპერაცია.

ქურთების წინააღმდეგ ჩატარებულ ორ ოპერაციამდე თურქეთის მხარდაჭერით პროთურქულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთით, გარკვეული ტერიტორიიდან „ისლამური სახელმწიფო“ განდევნეს.

ქურთების წინააღმდეგ, სირიაში პირველად შეჭრის შემდეგ კი, თურქეთმა პროთურქულ ძალებთან ერთად სირიის ჩრდილო-დასავლეთში აფრინის რეგიონი დაიკავა, მეორედ – საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე 30-კილომეტრიანი „ბუფერული ზონის“ შექმნა შეძლო.

„სირიის დემოკრატიული ძალები“ თურქეთთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთს ისევ აკონტროლებენ, მათთან ერთად სირიის ჩრდილო-დასავლეთით საზღვრის სიახლოვეს მოქმედებენ რუსი სამხედროები, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ამერიკული ბაზებია განთავსებული. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ერდოღანს, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებთან მოუწევს მოლაპარაკება.

რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულია თურქეთის, პროთურქული ძალებისა და ასადის მოწინააღმდეგეთა კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიები