ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები გმობენ რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები გმობენ რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას.

„საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები გამოვხატავთ აღფრთოვანებას გმირი უკრაინელი ერისადმი და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი ფიქრი რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მსხვერპლისკენ, ოკუპაციის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ არის მიმართული.

ამავდროულად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში სრულფასოვანი დამკვიდრება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ერთერთი უმთავრესი მიზანია – ესაა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა როგორც წინაპართა, ასევე მომავალი თაობების წინაშე; ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის, უსაფრთხოებისა და განვითარების საიმედო საფუძველი“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  საქართველოს მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.