„ეს 6-თვიანი უმძიმესი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის“ - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გუშინდელი შეთანხმებით ქვეყანა დაუახლოვდა ევროპას, ევროკავშირსა და ნატოს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„გუშინდელ დღეს, როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, დავუახლოვდით ევროკავშირს, დავუახლოვდით ნატოს და ამისთვის იყო საჭირო ამ შეთანხმების გაკეთება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, გუშინდელ დღეს ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხის სახით და ჰყავს გამარჯვებული საქართველოს სახელმწიფოს სახით.

აქვე მინდა ვთხოვო ყველა კოლეგას, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ნუ გავაკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას ამ შეთანხებასთან დაკავშირებით. შეთანხმების ტექსტი არის, ნერვები ჯერ კიდევ საკმაოდ დუღილის ტემპერატურაზეა და ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, სწორად და კარგად ავუხსნათ დკუმენტის შინაარსი და არ დავამახინჯოთ არც ერთი კონკრეტული საკითხი.

მე მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში ამდენი ცვლილება არც ერთ ოპოზიციას არ მიუღწევია არც ერთ სახელისუფლებო ძალასთან და კიდევ ერთი, როცა გავა წლები, ხალხი იმას კი არ შეაფასებს, კონკრეტულად ვინ მოაწერა ან არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, არამედ იმას იტყვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა კულტურა იმის, რომ წავიდეს შეთანხმებისკენ და რომ ამით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმების იმპლემენტაცია. მაგრამ მთავარია რომ ეს 6-თვიანი უმძიმესი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომ ხალხი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში.


გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
  • „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
  • „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
  • „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
  • „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
  • სალომე სამადაშვილმა
  • დავით ბაქრაძემ
  • „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
  • „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)

ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.