„ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, სასიკვდილოდ გაიმეტეს“ – ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი

პუბლიკა

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ მომხდარი არ ყოფილა ჩვეულებრივი ჩხუბი და ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, რა იყო მოტივი და რამდენი თავდამსხმელი იყო.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, სასიკვდილოდ გაიმეტეს ბატონი ცოტნე და ფაქტი ერთია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანო. ვერსიებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არა იმიტომ, რომ არ გვაქვს გარკვეული ვერსიები და არ ყოფილა ამაზე მსჯელობა, არამედ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიებას“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ექიმის დასკვნა, რომლის მიხედვით, გამოყენებულია ბასრი საგანი და შესაძლოა, დანის გარდა იყოს სხვა საგანიც.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა. მათი თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმა ჰქონდა როგორც გულ-მკერდის, ასევე თავის ტვინისა და თავის ქალის.

მისი ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. ახლა კი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.