ეს არის გამიზნული დარტყმა, რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ევროინტეგრაციის პროცესს – დვალი გვარამიას საქმეზე

პუბლიკა

მეცნიერი, ფიზიკოსი გია დვალი სოლიდარობას უცხადებს ნიკა გვარამიას და წნეხის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებს. მისი თქმით, „მთავარი არხის“ დირექტორისთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯა არის გამიზნული დარტყმა კრიტიკულ მომენტში, რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და „მთავარ არხს“, ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას: „ფორმულას“, „ტვ პირველს“, „კავკასიას“ და დანარჩენებს, ასევე – საქართველოში შეფარებულ რუსეთიდან დევნილ არხებს, როგორიცაა „დოჟდი“.

გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის სქემაში დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს  პუტინის რუსეთს.

ეს ქმედება წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას  კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს, რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს  ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს“, – აცხადებს გია დვალი.

16 მაისს მოსამართლემ ნიკა გვარამიას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი), 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.