„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის“ – მინისტრი რუსეთში რძის ექსპორტზე

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში, რძისა და რძის ნაწარმის ექსპორტზე მუშაობა საქართველომ 2020 წელს დაიწყო.

შამუგიას თქმით, მთავრობა კომპანიებთან ერთად ბაზრის დივერსიფიცირებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ პროცესის ნაწილია რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რძისა და რძის ნაწარმის ექსპორტის თემა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით პირველ რიგში ევროკავშირთან მუშაობს.

„სწორედ ამის ნაწილია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ პირველ რიგში ამ მიმართულებით ვმუშაობთ ევროკავშირთან. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული შედეგი – ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი და უპრეცედენტო რაოდენობის თაფლი გავიდა ევროკავშირში.

ამ პროცესის გაგრძელებაა რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს პროცესი დაიწყო კონკრეტული კომპანიების მომართვის საფუძველზე და 2020 წელს დაიწყო სააგენტომ მუშაობა ამ საკითხებზე.

დოკუმენტების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, ჩვენ სხვა კომუნიკაცია არ გვქონია, ცალსახად მინდა განვაცხადოთ ეს. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის მთელი პროცესი და ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება და ბოლომდე აამუშაონ სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.“ – განაცხადა შამუგიამ.