ეს არის უბრალოდ მცდელობა, მოატყუონ უცხოელი პარტნიორები – ბაქრაძე „ოცნების“ ინიციატივაზე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ, რაც შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გამოასწოროს თავისი იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან.

„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ, თურმე, პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად, იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივზე, ეს არის, უბრალოდ, მცდელობა, მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ, ნაწილობრივ, ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში. დღემდე ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი. დღემდე არც ერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედებისა და კანონის დარღვევისთვის. დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთეს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივით, მართლაც, ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი. ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართულბით, მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც,“ – ბაქრაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.