ეს კანონი მიიღება იმისთვის, რომ პირდაპირ დაგვაშოროს ევროპას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუქმნის საფრთხეს. პრეზიდენტი მიღების შემთხვევაში კანონს ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონპროექტის, რომელიც ახლა იხილება. მე არ შევალ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. არ მაქვს სამართლებრივი პოზიცია, რომ ის ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი მიიღება იმისთვის, რომ პირდაპირ დაგვაშორონ ევროპისგან. ამდენად არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პირველი განცხადება 20 თებერვალს გაავრცელა.

„ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს”, – დაწერა მან.

მას შემდეგ რაც პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭისყრის შედეგად მას კანონად აქცევს, ის 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს.

თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.