ესაა ღორობა და თუ დემონტაჟი არ მოხდება, სამაგალითოდ დაისჯებიან - კალაძე უკანონო დაშენებაზე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ამაღლების ქუჩაზე კომპანია „მონუმენტმშენმა“ მშენებარე ნაგებობას ერთი სართული უკანონოდ დააშენა.

კალაძის განცხადებით, ორდონიანი მშენებლობა პროექტის მიხედვით 5 და 6 სართულის აშენებას ითვალისწინებდა, მაგრამ კომპანიამ შენობას ერთი სართული მოუმატა, მერიასთან შეთანხმებული პროექტის დარღვევა კი, მისივე თქმით,  დაუშვებელია, ამიტომ კომპანიას მოსთხოვა, დაიწყონ დემონტაჟი და შენობა პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

„ეს, რასაც კომპანია აკეთებს ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე, რაც იკადრეს და გააკეთეს, ამას ჰქვია ღორობა, მეტი არაფერი. შეთანხმებული პროექტია და გადამეტებული მშენებლობა, ერთი სართული დააშენეს.

მინდა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს მივმართო, რომ ყოველდღიური მონიტორინგი იყოს. ვიცი, რომ კომუნიკაცია გქონდათ კომპანიასთან და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს დემონტაჟი.

ჩავყვებით ბოლომდე, ბოლომდე მივიყვანთ. თუ დემონტაჟი არ განხორციელდება, ეს იქნება საჩვენებელი, სამაგალითო დასჯის კონკრეტული შემთხვევა. მე არავის დასჯა არ მინდა და არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის არ ვაპატიებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მერიის ინიციატივით გამკაცრებულია კანონმდებლობა და თუ კომპანია დროულად არ მოახდენს დემონტაჟს, ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.