ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ სამთავრობო ენერგოკომპანია „ინტერრაოს“, რომელიც საქართველოში „თელასის“, ასევე „ხრამჰესი I-ისა” და „ხრამჰესი II-ის” არაპირდაპირი მფლობელია.
რუსული Inter RAO „თელასისა“ და „ხრამჰესი 1/2“-ის არაპირდაპირი მფლობელია – აქტივებს ის ნიდერლანდებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების, Silk Road Holdings B.V.-ისა და Gardabani Holding B.V.-ის მეშვეობით აკონტროლებს.
კერძოდ, Inter RAO ნიდერლანდებში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Gardabani Holdings კი პირდაპირ ფლობს “ხრამჰესი I-ისა” და “ხრამჰესი II-ის” აქციათა 100%-ს.
ამასთან, Inter RAOს შვილობილი კომპანია Inter RAO Holding B.V. სრულად ფლობს Silk Road Holdings B.V.-ს, რომელიც თავის მხრივ „თელასის“ 75.11%-ის მფლობელია. Silk Road Holdings-ს “თელასის” დარჩენილი 24.892%-იანი წილის შესაძენად სატენდერო შეთავაზება აქვს გამოცხადებული.
ევროკავშირი წერს, რომ;
„ინტერ რაო უესი“ (PJSC “Inter RAO UES”) რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა. 2023 წელს მისი შემოსავალი 1.36 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, ხოლო კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„ინტერ რაო უესის“ აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო კომპანიები „როსეტი“ (Rosseti) და „როსნეფტეგაზი“ (Rosneftegaz), რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში დივიდენდების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი იგორ სეჩინი „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, ასევე დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი.
მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი როლისა და სახელმწიფოს კონტროლის გათვალისწინებით, „ინტერ რაო უესი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში. რუსეთის ფედერაციის მთავრობა კი კომპანიის შემოსავლების ნაწილს გადასახადებისა და მისი მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების მეშვეობით იღებს.
შესაბამისად, „ინტერ რაო უესი“ ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“.