ევროკავშირი უსასრულოდ ვერ გააგრძელებს მედიაციას და მაღალი დონის ვიზიტებს – კალიურანდი

პუბლიკა

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროკავშირი ან მის მიერ გამოგზავნილი დანიელსონი დამოუკიდებლად კრიზისს ვერ გადაჭრის და პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ.

კალიურანდის თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდადაპირისპირება და ამ კრიზისზე გადის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მომავალი.

„განცხადებაში ჩვენ ვაკრიტიკებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ჩართული იყო მედიაციის პროცესში, იმიტომ, რომ მედიაციას ვერ გადაწყვეტს ევროკავშირი. კომპრომისზე ევროკავშირი ვერ წავა. დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, ეს ქართველების გასაკეთებელია.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მმართველ პარტიას უყურებ და მისგან ელი უფრო მეტს, ვიდრე სხვებისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს ამ პროცესს და არ აჩვენოს მზადყოფნა.

ამიტომ, ეს უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული პროცესი. ვალდებულება უნდა ჰქონდეს ყველა მხარეს. დიახ, ჩვენ ველით პირველ ნაბიჯს მმართველი პარტიისგან, თუმცა სხვებმაც უნდა გამოიჩინონ პატივისცემა და მიჰყვნენ მას.

ალბათ, პირველად, მნიშვნელოვანია, ავუხსნათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საკითხი, ეს უფრო ფართოა. ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მომავალი. ეს არის ტრანსატლანტიკური კავშირისთვის დიდი მისწრაფების მომავალი, ეს საქართველოს მომავალია. ვიცი, სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა“, – თქვა კალიურანდმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიისას.

ევროპარლამენტარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად შარლ მიშელია ჩართული ამ კრიზისის განმუხტვაში.  რადგან ევროკავშირი უკვე გადაიღალა აღმოსავლეთ პარტნიორობით და საქართველოში მაღალი დონის ვიზიტებს დაუსრულებლად ვერ გააგრძელებს. შესაბამისად, ქვეყანამ დღეს მისთვის მიცემული შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენოს.

„ევროპის პარლამენტსა და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში მთავარი საკითხი არ არის. მერწმუნეთ, ჩვენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევაც გვაქვს დაწყებული პანდემიით, გაგრძელებული მიგრაციით, ეკონომიკური კრიზისით, კლიმატის საკითხით და ა.შ. და სამწუხაროა, რომ განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობას იმ კონტექსტში, რომ რაღაც ცუდი ხდება ან კრიზისია.

ევროპა დაიღალა, გადაიღალა აღმოსავლეთ პარტნიორობით და ამიტომ უსასრულოდ ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის შეხვედრებს, მის მედიაციას. თქვენ არ უნდა მოელოდეთ იმაზე უფრო დიდ მხარდაჭერას, ვიდრე ახლაა. რადგან ეს პირადად პრეზიდენტ შარლ მიშელის მხარდაჭერაა, ამაზე დიდი მხარდაჭერა ვერ გექნებათ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გაიგოს, თუ როგორაა ჩართული ევროპა, როგორი მზაობა აქვს [კრიზისის გადაჭრისთვის] და ამაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კალიურანდმა.