ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები საჯარო არ იქნება

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარზე პასუხების ნაწილი უკვე მოამზადა და ორშაბათს გადასცემს ევროკავშირს.

კერძოდ, მზად არის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები, რომლებიც ეკონომიკასა და პოლიტიკურ ნაწილს ეხებოდა, ხოლო მეორე ნაწილზე, რომელიც სექტორულ კითხვებს მოიცავს სახელმწიფო მუშაობას აგრძელებს და ისიც დადგენილ ვადებში გადაეცემა ევროკავშირს.

ილია დარჩიაშვილმა კითხვარისა და პასუხების საჯაროობასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, კითხვარის ორივე ნაწილი საჯარო გახდება. რაც შეეხება პასუხებს, დარჩიაშვილის თქმით, „იქ არის ისეთ საკითხები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის“.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი გავიარეთ ქვეყანაში. საქართველო კითხვარისთვის კარგად არის მომზადებული. ყველა უწყება აქტიურად იყო ჩართული და ჩვენი მოლოდინი ოპტიმისტურია. რაც შეეხება საჯაროობას, ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა თუმცა მაღალი ინტერესის გამო კითხვარის ნაწილი გავასაჯაროვეთ, რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის და შესაბამისად საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

—————–

12 აპრილს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება მოითხოვეს. რის შემდეგაც მთავრობამ კითხვარის გასაჯაროებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ტრიოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარება აქტუალური გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა. განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროკომისიამ უკრაინას 9 აპრილს, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას – 11 აპრილს კითხვარი გადასცა.