ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა 15 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მიმართ უფლებების მძიმე დარღვევებზე, როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე რუსეთში.
პრესრელიზის მიხედვით, სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დაწესებული გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაუწესდა რუსეთის 8 მოქალაქესა და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამებაზე, ასევე სხვა სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სანქცირებულთა შორის არის დმიტრი ნეელოვი, დონეცკის ოლენივკის ციხის უფროსის პირველი მოადგილე, რომელიც „მონაწილეობდა უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამებაში, ცემასა და დამცირებაში“.
„იგი პირდაპირ არის პასუხისმგებელი 2022 წლის 28–29 ივლისს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოლენივკაში უკრაინელი ტყვეების მასობრივ დახოცვაზე, რადგან განზრახ აჭიანურებდა დაჭრილების ევაკუაციას.
გადაწყვეტილება[სანქციების დაწესება] ასევე ვრცელდება ოლენივკის ციხის რამდენიმე მაღალჩინოსან ოფიცერსა და თანამშრომელზე, რომლებიც უკრაინელი ტყვეების მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობაში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ალექსეი ხავეცკისაც, რუსეთის ქალაქ პაკინოში მდებარე №7 სასჯელაღსრულების კოლონიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც „ხელმძღვანელობდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების სისტემურ არასათანადო მოპყრობას“.
„მისი ზედამხედველობით ტყვეების წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდნენ, განზრახ აშიმშილებდნენ, მათ მიმართ სექსუალურ ძალადობასა და უკიდურეს დამცირებას ახორციელებდნენ, რაც კოლონიის თანამშრომლების გასართობად ხდებოდა“, – აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
საბჭომ სანქციები ასევე დაუწესა იან ზანევსკის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომელს, „რომელიც მონაწილეობდა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონის, მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებასა და წამებაში. წამების მეთოდებს შორის იყო ცემა, გაგუდვა და სექსუალური ძალადობა“.
სანქციები დაუწესდა ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორს (SIZO-2), სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო პირები, მათ შორის ჟურნალისტები და ქალები იმყოფებოდნენ.
„ისინი სისტემურi წამების ქვეშ იყვნენ, რასაც არაერთ შემთხვევაში სიკვდილი მოჰყვა. სწორედ ამ დაწესებულებაში, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, გარდაიცვალა ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომლის სხეულზეც წამების მრავალი კვალი იყო აღმოჩენილი“, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ცალკე სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში კიდევ შვიდი პირი შეიყვანა.
განცხადების მიხედვით, სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები გაეყინებათ. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობა. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტი.