ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს დააწესებენ

პუბლიკა

ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების ახალი, მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ახალი სანქციები ჯერ კიდევ 4 მაისს დაანონსდა, მაგრამ ევროკავშირში უთანხმოება იყო, შესულიყო თუ არა ახალ პაკეტში რუსული ნავთობის ემბარგო.

საბოლოოდ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისგან ნავთობის საზღვაო გზით, ტანკერებით მიღებაზე უარს იტყვიან. ჯერჯერობით მოქმედი დარჩება ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლიდანაც ნავთობს უნგრეთი იღებს.

სწორედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. მისი თქმით, ემბარგო მისი ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვნად დააზარალებდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ემბარგო დაუწესდება რუსული ნავთობის 2/3-ს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 90%-ზე იტყვის უარს.

სანქციების მე-6 პაკეტში მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაა.

ასევე, ახალი პაკეტით ევროკავშირში მაუწყებლობას შეუჩერებენ კიდევ 3 რუსულ არხს და სანქციები დაუწესდებათ უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.