ევროპარლამენტარები „ოცნების“ 12-პუნქტიან გეგმაზე

პუბლიკა

„გეგმის არა მარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და დღეს მათ დეტალურად გავეცნობი“, – ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ წამოყენებული 12 პირობის შესრულების გეგმა შეაფასა.

კრამონმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, რომ დეტალურად გაეცნობა „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოდგენილ გეგმას 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეძლებს საკითხზე მეტ საუბარს. მისივე თქმით, გეგმის წაკითხვის გარეშეც ცხადია, რომ მმართველ გუნდს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა მის შესრულებაში.

„ზოგადად, შემიძლია, ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არა მარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და გავეცნობი დღეს მათ დეტალურად. მმართველ პარტიას, ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ქმედებების უმრავლესობაზე, ახალი წინადადებებია. წაკითხვის გარეშეც შემიძლია, ვთქვა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. გავეცნობი ყველა პუნქტს და დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით“, – განაცხადა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ „იმედთან“ განაცხადა, რომ მისასალმებელია გეგმისა და პოლიტიკური ნების არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, იმპლემენტაციის პროცესში იყოს პრობლემები. მისი თქმით,  პროცესში ჩართული უნდა იყო მთავრობა, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია.

„მე მოვუწოდებდი ყველას, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობისკენ. რაც გეგმის მიხედვით წერია, ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე. მე ისიც ვიცი, ვიმეორებ, რომ პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, გეგმა ფურცელზე დარჩება და ამის ნახვა მე არ მსურს. იმედი მაქვს, ოპოზიციაც ჩაერთვება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.