ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, რომ ერთადერთი, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე მოქმედებს, პერსონალური სანქციებია.
დღეს, 5 ივნისს, „ევრონესტის” დელეგაციის სხდომაზე ევროპარლამენტარმა თქვა, რომ „ქართული ოცნების” წევრებმა დაიწყეს „რეკვა ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში და დაინტერესდნენ, რა ბედი ეწეოდათ მათ აქტივებს”.
ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღო კოლეგებისგან ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში.
„ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამას [„ოცნების” ქმედებებს] შეაჩერებდა, პერსონალური სანქციებია. ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს არის, რომ ხალხს დაურეკეს კითხვებით: რა ბედი ეწია ჩემს აქტივს; ჩემს სახლს ესპანეთში; ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ. ეს იყო უნივერსალური მესიჯი. ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ილაპარაკა ამ ერთადერთ რეაქციაზე. რამდენიმე სახელი დასახელდა, რომ მათ დაურეკეს ევროკავშირს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა”. – თქვა ნაჩო სანჩეს ამორმა.
დღესვე სიტყვით გამოსვლისას ნაჩო სანჩეს ამორმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო და აქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმის” წარმომადგენლებს.
მისი განცხადებით „ქართული ოცნება” თანმიმდევრულად მიჰყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს. ნაჩო სანჩეს ამორმა ილაპარაკა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
„შეიძლება, აქვს ზოგიერთი ინოვაცია, მაგრამ სიგიჟეა იმის ნახვა, თუ როგორ შეიძლება, რამდენიმე თვეში ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. „ქართული ოცნება” ამბობს, რომ მათ აკრძალეს ოპოზიცია. არ უთქვამთ, ერთპარტიული მმართველობა გვექნებაო, მაგრამ რეალურად სწორედ ამას აკეთებენ. სამი ასპექტია: პრაქტიკა, ნარატივი და კანონმდებლობა.
მათ აღადგინეს ჩრდილოამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ მას ამერიკელებისგან სრულიად განსხვავებულად იყენებენ.
საქართველოში ამ FARA-ს კანონს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებისა და საელჩოებში, მათ შორის, ვატიკანის საელჩოშიც, პრობლემების შესაქმნელად იყენებენ – მათ ხელისუფლებას უნდა გადასცენ ადგილობრივი თანამშრომლების სია, რომლებიც შეიძლება უცხოელ აგენტებად გამოაცხადონ. და თუ ვინმეს ასეთად მიიჩნევენ, მისი სახელი გამოქვეყნდება, შეავიწროებენ, პრობლემები შეექმნებათ. საელჩოებს შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. მაგრამ პრობლემა არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან. და თუ მიიღეს, ყველაფერს რისკავენ. ეს არის კომპლექსური საკანონმდებლო ჩარჩო. არის FARA, არის კანონი აგენტებზე, კანონი მაუწყებლების შესახებ და გრანტების შესახებ. ისინი უკრძალავენ მაუწყებლებს, მაგალითად, „არალეგიტიმური მთავრობის” გამოყენებას. ვერ გამოიყენებ ტერმინს „პოლიციის ძალადობა”. – თქვა ევროპარლამენტარმა.
მან ილაპარაკა ჟურნალისტების დაჯარიმებაზე მუშაობის დროს, ასევე, პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე თეა წულუკიანის კომისიაზე გამოცუხადებლობის გამო.
სანჩეს ამორმა ასევე გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება პრორუსულია.
„ქვეყანაში, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ახლა იქმნება ნარატივი, რომ თურმე რუსეთი კი არ შეიჭრა, არამედ თითქოს წინა ხელისუფლებამ მიიწვია. სიგიჟეა – ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ ისინი [„ქართული ოცნება”] სულ უფრო და უფრო პრორუსულია ყველა ასპექტში”. – თქვა მან.