„ევროპელი სოციალისტები“ ვერავის წაართმევს და ვერავის დაუნიშნავს წევრს ცესკოში - ინჯია ინაშვილს პასუხობს

პუბლიკა

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ თითქოს „ევროპელი სოციალისტები“ ცდილობენ მიისაკუთრონ „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. განცხადება პარტიის ფეისბუქზე ვრცელდება.

„ევროპელი სოციალისტების“ პარტიის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მისი თქმით, ამავე კანონიდან გამომდინარე. „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა.

ინჯია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“.

„აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება რომელიც ისმის „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ , მიგვაჩნია უსაფუძვლო და უსამართლო.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც განსაზღვრავს საპარლამენტო და ცენტრალური საარჩვენო კომისიის საქმიანობის სრულად ახალ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ პრინციპიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ საკუთარი პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორცილებისთვის მხარს უჭერენ მიმდინარე საპარლამენტო და საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი ევროპელი მეგობრების, კერძოდ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტიის ყოფილი წევრი, ფრიდონ ინჯია ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.