„ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტების“ კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში“ - ინაშვილი

პუბლიკა

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტიის ყოფილი წევრი, ფრიდონ ინჯია ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

„ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე.

ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს“, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კანონისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სპეციალურ ბრიფიგზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკოსები ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას.

„მინდა, ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო. მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება. დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა, ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.