ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს, 15 თებერვალს ხაგრძლივი ოვაციები მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა მოწოდება ევროპის არმიის შექმნის შესახებ და ხაზი გაუსვა ცვლილებებს აშშ-სა და ევროპის ურთიერთობას შორის, რომელიც სახეზეა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პირობებში.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ომის შეჩერება შესაძლებელი იქნება ევროპის ერთიანობის შემთხვევაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის სატელეფონი ზარი ვლადიმირ პუტინთან, სადაც მათ უკრაინაში მშვიდობის შეთანხმებაზე იმსჯელეს კიევის და ევროპის მონაწილეობის გარეშე, ასევე, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრება არარეალურია.
ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები:
ევროპის არმია
„მოდით, ვიყოთ გულახდილები – ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ უთხრას „არა“ ევროპას იმ პრობლემებზე, რომლებიც მას ემუქრება.
ბევრმა ლიდერმა ისაუბრა ევროპაზე, რომელსაც სჭირდება საკუთარი ჯარი – ევროპის არმია. მე მჯერა, რომ ეს დრო დადგა. უნდა შეიქმნას ევროპის შეიარაღებული ძალები.
ეს არ არის რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ მტკიცედ დგომაზე რთული, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის ხარჯების ზრდას. დიახ, ფული საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ფული მტრის თავდასხმას ვერ შეაჩერებს”.
აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობა
„სჭირდება აშშ-ს ევროპა? როგორც ბაზარი დიახ. მაგრამ როგორც მოკავშირე? იმისთვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი იყოს „კი”, ევროპას სჭირდება ერთი ხმა და არა ათობით სხვადასხვა.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა პუტინთან მისი საუბრის შესახებ. მას ერთხელაც არ უხსენებია, რომ აშშ-ს სჭირდება ევროპა მოლაპარაკების ამ მაგიდასთან. ძველი დრო, როცა აშშ ევროპას მხარს უჭერდა, იმიტომ, რომ ეს სულ ასე იყო, დასრულდა.
მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ერთხელ თქვა: მნიშვნელოვანია არა ის ოჯახი, სადაც დაიბადე, არამედ ის, სადაც ჩამოყალიბდი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მაქსიმაურად ახლო ურთიერთობა აშშ-სთან. დიახ, ახალი ურთიერთობა, მაგრამ როგორც ევროპელებმა და არა როგორც ცალკეულმა ქვეყნებმა.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ერთიანი საგარეო პოლიტიკა, კოორდინირებული დიპლომატია, ევროპის საერთო საგარეო პოლიტიკა.
ევროპას ყველაფერი აქვს, რაც ამას სჭირდება. მას უბრალოდ სჭირდება გაერთიანება და ისე მოქმედება, რომ ვერავინ შეძლოს მისთვის „არას” თქმა ან ისე მოქცევა, თითქოს მისი გავლენის ქვეშ მოქცევა ადვილია.
უკრაინა არასდროს დათანხმდება შეთანხმებას ჩვენ ზურგსუკან, ჩვენი ჩართულობის გარეშე. იგივე წესი უნდა გავრცელდეს ევროპაზეც. არც ერთი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არც ერთი გადაწყვეტილება ევროპაზე ევროპის გარეშე”.
დიდი შვიდეულის 24 თებერვლის სამიტი
„შეხედეთ, რის გაკეთებას ცდილობს პუტინი – ეს თამაშია. მას უნდა ერთი-ერთხე ლაპარაკი აშშ-სთან, ზუსტად ისე, როგორც ომამდე, როცა ისინი შვეიცარიაში შეხვდნენ.
შემდეგში პუტინი ეცდება, აშშ-ის პრეზიდენტი 9 მაისს წითელ მოედანზე დააყენოს – არა როგორც პატივსაცეი ლიდერი, არამედ როგორც დეკორაცია მის წარმოდგენაში. ეს ჩვენ არ გვჭირდება.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ, რომ 24 თებერვალს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, ჩვენ ყველამ შევლძოთ შეკრება კიევსა და ონლაინ, ბრიტანეთიდან პოლონეთამდე, ვაშინგტონიდან ტოკიომდე.
ამ შეხვედრამ უნდა მოიტანოს ძალიან მკაფიო ხედვა ჩვენი მომავალი ნაბიჯების შესახებ მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიების და ჩვენი საერთო პოლიტიკის მომავლის შესახებ.
NATO-ში გაწევრების საკითხი უკრაინისთვის დახურული არ არის
„მე ასევე არ ვაპირებ, მივიღო უკრაინისთვის NATO-ს საკითხის დახურვა. თუმცა, ახლა NATO-ს ყველაზე გავლენიანი წევრი, როგორც ჩანს, პუტინია. იმიტომ, რომ მის კაპრიზებს გავლენა აქვს NATO-ს გადაწყვეტილებებზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია იყო ის, რომელმაც შეაჩერა რუსეთი, არა NATO-ს წევრი ქვეყანა, არა NATO-ს ჯარი, მხოლოდ ჩვენი ხალხი და ჩვენი არმია.
მე ვამაყობ უკრაინით.მე ვამაყობ ჩემი ხალხით. მაგრამ ახლა თქვენ გთხოვთ, თითოეულ თქვენგანს, გულწრფელად უპასუხოთ ამ კითხვას: თუ რუსეთი თქვენამდე მოვიდა, შეძლებს თქვენი არმია ანალოგიურად ბრძოლას? არ მსურს, ეს ოდესმე ვინმემ გამოსცადოს. ღმერთმა დაგვიფაროს.
სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ამიტომაც არის, რომ მთელი არსებით გვჯერა, რომ უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა უნდა იყოს. ან, თუ ეს არა, ისეთი პირობები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ მეორე NATO უკრაინაში”.
ზეწოლა რუსეთზე
“ჩვენ ერთად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე რეალური მშვიდობის დასამყარებლად. პუტინს არ შეუძლია უსაფრთხოების რეალური გარანტიების შემოთავაზება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პათოლოგიური მატყუარაა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს, მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, სჭირდება ომი ძალაუფლების ერთად შესანარჩუნებლად. და მსოფლიო უნდა იყოს დაცული ამისგან.
ასე რომ, პირველ რიგში, ევროპის შეიარაღებული ძალები, როგორც NATO-ს განახლება. მეორე: საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკა. მესამე: ევროპული თანამშრომლობა, რომელსაც ვაშინგტონი სერიოზულად მოეკიდება. მეოთხე: საერთაშორისო სამართალი. და მეხუთე, რუსეთზე ყველანაირი ზეწოლის შენარჩუნება, რადგან ეს ზეწოლა არის მშვიდობის გარანტი და არა პუტინის სიტყვები, არა მხოლოდ ზოგიერთი დოკუმენტი.
პუტინი იტყუება. ის პროგნოზირებადია. და ის სუსტია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს – ახლა და არა მოგვიანებით”.