ევროპა €200 მილიარდზე მეტი გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს

პუბლიკა

ევროპის წამყვანი ქვეყნები 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.

ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივების ჩამორთმევა, შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილი იყოს.

საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც მანამდე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ, ახლა ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან განიხილავენ, როგორ შეიძლება ამ აქტივების გამოყენება.

საფრანგეთის ოფიციალური პირები FT-სთან ამბობენ, რომ წინადადების მიხედვით, ევროპას შეუძლია, აქტივები რუსეთს ჩამოართვას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მომავალში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.

G7-ის მოკავშირეებმა, დაახლოებით, 300 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. აქტივების დიდი ნაწილი, დაახლოებით, 190 მილიარდი ევრო, ბელგიის ცენტრალური უსაფრთხოების სადეპოზიტოშია, მცირე ნაწილი კი საფრანგეთს, ბრიტანეთს, იაპონიას, შვეიცარიას და აშშ-ს აქვთ.

ამჟამად, ამ აქტივებით გამომუშავებული შემოსავალი G7-ის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაცემული 50 მილიარდი დოლარის სესხის დასაფარად გამოიყენება.

ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აქტივების ჩამორთმევა არ იქნებოდა „საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“, თუმცა, მისი თქმით, ეს თანხა შეიძლება „მოლაპარაკებების ნაწილი იყოს ომის დასასრულს“.

FT-ის წყაროს ინფორმაციით, გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ისიც განიხილავს წინადადებას გაყინული აქტივების ჩამორთმევის შესახებ.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ორშაბათს თქვა, რომ ლონდონი განხილავდა გზებს, თუ როგორ გამოიყენონ ეს აქტივები უკრაინის სასარგებლოდ.

„ძირითადი აქტივები ძალიან რთული საკითხია. ეს არ არის ასე პირდაპირი. მაგრამ, მგონია, რომ გვჭირდება მეტი და ამისთვის ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომ ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს“, — თქვა სტარმერმა.