ევროსასამართლომ რუსეთის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა აღიარა - ომბუდსმენი

პუბლიკა

„ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას!“, – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი! დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ“, – აღნიშნავს ლომჯარია სტატუსში.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კერძოდ:

► სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

► სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის.