ფაქტია გაჭიანურდა კვლავ გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება - ციხელაშვილი

პუბლიკა

„მინდა მის ოჯახს და ჩვენს მთელ საზოგადოებას, რომელიც არის სრულად ჩართული, რა თქმა უნდა, ასევე, პირველ რიგში, ბატონ ვაჟას, ვუსურვო გამძლეობა ამ უსამართლო ბრძოლაში, უსამართლობასთან, ერთადერთი სამართლიანი შედეგისთვის, რაც არის მისი თავისუფლება“,- სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთავენ ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით „უპრეცენდენტო ძალისხმევაა გაწეული“ იმისთვის რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.

“მე არც ე.წ. სასამართლოს და არც ე.წ. გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ. ფაქტია, რომ გაჭიანურდა კვლავ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მათი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

LB loan image desktop LB loan image mobile