ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი სომხეთის ექსპორტის 80%-ს ტარიფებისგან გაათავისუფლებს

პუბლიკა

დღეს, 2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ.

ევროკომისიის განცხადებით, ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმაოს პარტნიორობა სომხეთთან და მხარი დაუჭიროს ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ მდგრადობასა და რეგიონული მშვიდობის პროცესს.

ევროკავშირის ინფორმაციით, სომხეთში ჩატარებულმა ბოლო საყოველთაო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე და რეფორმების გაგრძელების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა დაადასტურა.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად.

შეხვედრის შემდეგ ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად 52 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამასთან, ევროკავშირი გეგმავს ავტონომიური სავაჭრო ზომების ამოქმედებას, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ბაზარზე სომხური ექსპორტის დაახლოებით 80% საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლდება. ინიციატივა განსაკუთრებით იმ სექტორებს შეეხება, რომლებზეც რუსეთის მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის სუვერენულ არჩევანს და მზად არის ქვეყანას როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად დაეხმაროს.

„ბოლო არჩევნებმა აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე. სომეხმა ხალხმა აირჩია რეფორმები და ჩვენს კავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა. არცერთი ქვეყანა არ უნდა განიცდიდეს ზეწოლას თავისი სუვერენული არჩევანის გამო. სწორედ ამიტომ ევროკავშირი აძლიერებს მხარდაჭერას – 52 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით და სომხეთის ევროკავშირში ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო ტარიფების გაუქმების შეთავაზებით. სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს.

თუ რუსეთი თავის ბაზარს სომხური პროდუქციისთვის დახურავს, ევროკავშირი სომხურ საქონელს საკუთარ ბაზარს გაუხსნის და მას 450-მილიონიანი ევროპული სამომხმარებლო ბაზრის წვდომას შესთავაზებს. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სომხეთზე, რათა ის ევროკავშირს ზედმეტად არ დაუახლოვდეს. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენ ეს ვიცით და მხარს დაგიჭერთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის განცხადებით, სავაჭრო შეღავათების პარალელურად, ივლისის შუა რიცხვებიდან სომხეთში ჩავლენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სტანდარტების დანერგვასა და ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარებიან.

გარდა ეკონომიკური მხარდაჭერისა, ევროკავშირი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის დამატებით 20 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი თემების მხარდაჭერას მოხმარდება და დაფინანსდება ჯანდაცვის, პროფესიული უნარების განვითარებისა და მცირე ბიზნესის პროექტები.

ივნისის დასაწყისში გამოცხადებული 52-მილიონიანი დახმარების პაკეტიდან 34 მილიონი ევრო უკვე გადარიცხულია. ევროკომისიის ცნობით, დარჩენილი 18 მილიონი ევრო უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. ამის შედეგად, ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის საერთო მოცულობა 288 მილიონ ევროს მიაღწევს.

ევროკომისიის განცხადებით, წლის ბოლომდე ერევანში ევროკავშირისა და სომხეთის მაღალი დონის დიალოგი გაიმართება, სადაც მხარეები რეფორმების მიმდინარეობასა და ორმხრივი თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს განიხილავენ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას კონკრეტული ნაბიჯებით ადასტურებს.

„ჩვენი მეგობრები სომხეთში ხედავენ, რომ მხოლოდ სიტყვებით არ შემოვიფარგლებით – ჩვენ საქმითაც ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას. სომხეთის ხალხი ევროკავშირისგან დახმარებას ელის, ჩვენ კი ამ დახმარებას ვაწვდით და ამ გზიდან ვერაფერი გადაგვახვევინებს“, – თქვა მარტა კოსმა.