ფონდი „ქართუ“ 4 მლნ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს – ტიკარაძე

პუბლიკა

„ფონდი „ქართუს“ მხრიდან გადადგმულია კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და ის 4 მლნ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე დღეს საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის ქართული პირბადეების წარმოების პროცესის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

„არ შეიძლება, არ აღინიშნოს „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ფონდი დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრესცენტრის გვარცელებული ინფორმაციით, ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.