„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით ველიჯანაშვილს მოსამართლემ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას და კადრებს სასამართლო პროცესიდან „ფორმულა“ ავრცელებს. ბრალდებულმა პროცესზე ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო.

ბრალდებული 18 მარტს დააკავეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

„გამოიკითხნენ ჟურნალისტი და ოპერატორები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა ექსპერტიზები. მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე“, – განაცხადა საგამეოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ 18 მარტს.