ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება - გამომცემელთა ასოციაცია

პუბლიკა

„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება“, – ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ გვერდზე მას შემდეგ, რაც „მწერალთა სახლის“ მიმართ ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარდგნენ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით.

„გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ კარგი გადაწყვეტილება, რომლის მისაღწევადაც ჩვენმა ასოციაციამ მონდომება არ დაიშურა.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. ამ გადაწყვეტილებით ასოციაცია ინარჩუნებს ტრადიციას, ითვალისწინებს როგორც ჩვენი სექტორის, ისე მთელი სახელმწიფოს ინტერესებს და რჩება ევროპულ კონტექსტში.

ამჟამად ვაზუსტებთ დეტალებს და ახლო მომავალში დაგიბრუნდებით უფრო ვრცელი განცხადებით“, – ვკითხულობთ ასოციაციის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ასოციაციის წევრია ის 3 მსხვილი გამომცემელი, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ „მწერალთა სახლს“ და ფრანკფურტში დამოუკიდებელი სტენდით მონაწილეობას გეგმავენ.


10 აგვისტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. ის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და მაშინ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, ნატაშა ლომოური, დაინტერესებული იყო დირექტორობის ვადის გაგრძელებით და შესაბამისი წერილიც მისწერა სამინისტროს, მას ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელეს და მწერალთა სახლში მინისტრმა ახალი დირექტორი დანიშნა.

ამას ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა. მათ უარი განაცხადეს მწერალთა სახლთან ყველანაირ თანამშრომლობაზე.