Freedom House: საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა, 100-დან 58 ქულით.

Freedom House-მა საქართველოს, 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი – 60-დან 36.

ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

ორგანიზაციის საერთო ანგარიშის მთავარ მიგნებებში კი ნახსენებია „რუსული კანონი”, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” გასულ წელს მიიღო. თუმცა, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გაიწვია.

„რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც უცხოური აგენტის იარლიყებს აკერებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა, მიეღო უცხოური აგენტების კანონის თავისი ვერსია, რაც მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გამოხატვას და ასოცირებას”, – წერია ანგარიშში.

Freedom House აღნიშნავს, რომ კანონპროექტი მისი მოწინააღმდეგეების მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გააუქმეს.

„თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიუთითეს, რომ ის საჯარო კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ხელახლა იყოს წარმოდგენილი”, – წერია ანგარიშში.