გაერო ადასტურებს, რომ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო - BBC

პუბლიკა

გაერო და წითელი ჯვარი ადასტურებს, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გუშინ, 30 აპრილს რუსული და უკრაინული მხარეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა „აზოვსტალის“ ქარხნიდან, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. მათივე თქმით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს საკვების, წყლის, გაზისა და სხვა კომუნიკაციების გარეშე.

ხუთშაბათს, 28 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ „ინტენსიური დისკუსიები“ მიმდინარეობს ევაკუაციის ოპერაციის შესათანხმებლად უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან.

მარიუპოლი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. მისი აღება მოსკოვს დაეხმარება შექმნას სახმელეთო დერეფანი პრორუსულ სეპარატისტულ დონბასსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმს შორის. მარიუპოლში ომის დაწყებამდე დაახლოებით 450 000 ადამიანი ცხოვრობდა.