გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

„ამასთანავე, კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციებსა და რეპუტაციაზე, მათ შორის, გაეროში. აქვე, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების ნებისმიერი ფორმით სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ უამრავ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, საქართველოს ათასობით ახალგაზრდას აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას. და ბოლოს, ვუერთდებით საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შედეგები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს ქვეყნის წინსვლას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

✅️ 2012-2013 – გიორგი ჭეხანი ✅ ️2013-2014 – თორნიკე ზურაბაშვილი ✅ ️2014-2015 – ლაშა შაყულაშვილი ✅ ️2015-2016 – მარიამ სიხარულიძე ✅ ️2016-2017 – თათია დოლიძე ✅ ️2017-2018 – გიორგი ტუმასიანი ✅ ️2018-2019 – ლიკა ტორიკაშვილი ✅ ️2019-2020 – ესმა გუმბერიძე ✅ ️2021-2022 – ნინო გოგოხია ✅ ️2022-2023 – დავით ესათია