გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ - ბულგარეთის ეკლესია

პუბლიკა

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა სახლებში ილოცონ.

„ეს არ ნიშნავს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ, რათა სხვა მორწმუნეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“, – განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ტაძრები ღია იქნება, თუმცა მოუწოდა მრევლს, დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან და სიწმინდეების შეხებისგან თავი შეიკავონ.

ბულგარეთის ხელისუფლებამ დახურა დასასვენებელი პარკები და სათამაშო მოედნები. მოქალაქეებს ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. დაიხურა სკოლები, ბარები და რესტორნები.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და სამხედროებს აქვთ უფლება, მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდონ.