გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს – ეზუგბაია

პუბლიკა

ამ დროის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი წევს, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, #1 პაციენტს, რომელზეც გუშინ გაცხადდა, რომ გამოჯანმრთელდა, განმეორებით ორჯერადი ტესტირებით უარყოფითი პასუხი დაუდგინდა. განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება მეორე პაციენტსაც, რომელზეც პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. შედეგები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ეზუგბაიას ვარაუდით, გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, კლინიკას დღეს დატოვებს და ის ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

მისი თქმით, ინფექციურში მოთავსებული 28 პაციენტიდან 8 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, მათ შორის, 4-ს მძიმე ფორმით, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა, მკურნალობის ფონზე, სტაბილურია.

გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ზე ტესტირება 12 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. დღეს დილიდან ანალიზები კიდევ 12 პაციენტს გაუკეთდება.

მარინა ეზუგბაიამ ხაზი გაუსვა, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია არასწორია და მათ დაავადებაზე ინფექციურ საავადმყოფოს დასტური არ მიღია.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ჩეხეთის მოქალაქეები არ გვყავს კლინიკაში. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ყევლა დადასტურებული შემთხვევა, ძირითადად, ჩვენს ცენტრში მოდის. 28 პაციენტი არის ჩვენთან, 5 – სხვა კლინიკებში. ჩეხეთის მოქალაქეები მათ შორის არ არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.