გამოკითხულთა 38.6%-ის აზრით, სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე - კვლევა

პუბლიკა

„საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, — ამბობს ახალი კვლევა, რომელიც ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადდა. დღეს კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევაში საუბარია, რომ ლგბტქი ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიან, ხოლო მათი უფლებების დაცვისა და პრაქტიკაში რეალიზების მხრივ, კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.

თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს, შექმნილი ვითარების მიუხედავად, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტქი თემის მიმართ თანდათან მცირდება.

დამოკიდებულებების კვლევა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ჩაატარა,  უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევა კი – სახალხო დამცველმა.

„მაგალითად, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი თემის მიმართ. გამოკითხულთა 20.6%-ით ნაკლები (55.9%) ფიქრობს, რომ ლგბტქი ჯგუფის თანასწორობისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების წესის სხვებისთვის თავზე მოხვევა ან პროპაგანდაა. თითქმის 20%-ითაა (56.8%-მდე) შემცირებული თემის უფლებადამცველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც.

რესპონდენტთა 48.2% მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ლგბტქი ადამიანები პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა — თანასწორუფლებიანობისთვის, 39.5% კი ფიქრობს, რომ საქართველოში მათი უფლებები დაცულია. თუმცა, ამავდროულად, გამოკითხულთა 38.6% ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე“, — ნათქვამია კვლევის მიგნებებში.

კვლევები მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ეს დოკუმენტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

კვლევები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: