გამოქვეყნდეს რუსეთიდან ვიზიტორთა სტატისტიკა და დაწესდეს დროებითი სავიზო მიმოსვლა - „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ განცხადებით, ხელისუფლებამ დროებითი სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  პარტია აცხადებს, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა წარმოქმნას უკონტროლო ვითარება და სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოებას.

პარტია ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღის მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.

„ღია სამხედრო დაპირისპირების პირობებში, რომელიც გამოიწვია რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინის სახელმწიფოზე, რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა წარმოქმნას უკონტროლო ვითარება და სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
1. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღეს მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.
2. ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებს „ლელო“.