გამყრელიძე: ყოველდღიური სიკვდილიანობა დასაშვებ მაჩვენებელზე მაღალია

პუბლიკა

„ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისი თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომიკრონის პიკმა გადაიარა.

„დადებითობა ნელა მცირდება თუმცა დასაშვებ ზღვარზე მაღალია. ასევე მცირდება, მაგრამ ჩვენთვის დასაშვებ ზღურბლოვან მაჩვენებელზე მეტი გვაქვს ყოველდღიური სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე გადათვლით. გარკვეულად დამაიმედებელია ე.წ. რეპროდუქციის ინდექსის შემცირება. 10 დღეა, თითქმის 1-ის ქვევით არის“.  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდვითარება დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ სწორხაზოვანი იყოს ეს ქვესვლა.

„ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? – თუ ამ ხნის განმავლობაში პირბადის მაჩვენებელს გავაუმჯობესებთ. ასევე, სერიოზულად მივხედავთ და გავაძლიერებთ ბუსტერიაზაციას, მაშინ ივნისისთვის პროგნოზია, რომ ყოველდღიური ახალი შემთხვევებით ჩამოვალთ 1000 შემთხვევაზე დაბლა. ამასთან ერთად სიკვდილიანობის საშუალო პროცენტი ე.წ. შემთხვევებთან ასოცირებული სიკვდილიანობა იანვარ- თებერვალში პროცენტულად სერიოზულად შემცირებულია. 0.4% გვაქვს იანვარში შემთხვევების რაოდენობიდან სიკვდილიანობა და თებერვალში 2%.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.