გარეჯის თემა, ზუგდიდში ბანკის ძარცვა – წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანია MDF-ის ანგარიშში

პუბლიკა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიები

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიიციის წინააღმდეგ ყველაზე თვალსაჩინო 3 მადისკრედიტებელი კამპანია გამოიკვეთა.

1. გარეჯი საქართველოა! წინა ხელისუფლებამ დავით გარეჯი აზერბაიჯანს მიჰყიდა.
2. ომი საააკაშვილმა დაიწყო.
3. ზუგდიდში ბანკის ძარცვა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებულია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, ეხებოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.

„აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება ამ საფრთხეებს ანეიტრალებს. კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა“, – ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

კვლევაში ნათქვამია, რომ „მითების დეტექტორმა” გამოავლინა 14 ფეისბუკანგარიში, ასევე 4 სახელისუფლებო მედია, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს იმ მიზეზით ხედავდა, რომ ერთ-ერთი მძევალი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღმოჩნდა. ასევე, გამოვლინდა 4 ანტილიბერალური და პრორუსული ანგარიში, სადაც იდენტური შინაარსის
გზავნილები ვრცელდებოდა. აღნიშნულმა გვერდებმა ამ თემაზე ჯამურად 13 დაფინანსებული პოსტი გამოაქვეყნეს.


ანგარიშში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდოლოგია: კონტენტ-ანალიზი; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია;

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც ნაციონალური დაფარვის, ასევე რეგიონული მედიასაშუალებები. ტრადიციული მედიის გარდა, დაკვირვება ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს CrowdTangle-ის მეშვეობით ფეისბუკანგარიშებზეც ხორცილდებოდა, ასევე – პარტიული აქტივისტების ინდივიდუალურ პროფილებზე. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის სუბიექტების ბაზა მუდმივად განახლებადია.