გარკვეულ რგოლებში არის გადაღლილობა, მნიშვნელოვანია ადამიანების ჩანაცვლებაზე ფიქრი - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სამედიცინო სექტორი 2 თვეა, ინტენსიურად მუშაობს, რის გამოც გარკვეულ რგოლებში გადაღლილობაა და ადამიანების ჩანაცვლებაზე ფიქრი მნიშვნელოვანია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, ჯანდაცვის რომელ რგოლშია ხარვეზი, რომელსაც მეტი მომზადება და გამოსწორება სჭირდება.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე 2 თვეა, ინტენსიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ რგოლებში არის გარკვეული გადაღლილობაც, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანების ჩანაცვლებაზე ფიქრი, ამ რგოლების გაძლიერებაზე ფიქრი, როგორც მოცულობის, ასევე, მათი სიძლიერის თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად.

ვაუმჯობესებთ აღჭურვილობის მდგომარეობას და ვამატებთ სასუნთქ აპარატებს კლინიკებში. მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ საერთოდ არ ვსაუბრობდით წლის დასაწყისში რუხის კლინიკაზე, რომლის აღჭურვაც ახლა მიმდინარეობს და დღე-დღეზე გაიხსნება.

ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო აჭარის მთავრობას,  ჯანდაცვის მინისტრს. ნამდვილად უპრეცედენტო დროში მოხერხდა და ჩვენი ვიზიტის შემდეგ აჭარაში გახსნეს კლინიკა და მზად არიან, მიიღონ პაციენტები”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში გაჩნდა მნიშვნელოვანი რგოლები, რომლითაც სარგებლობა სხვა დროსაც შესაძლებელი იქნება. ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, ასევე, ექიმების სატელეფონო მომსახურების სერვისის მნიშვნელობას.

მინისტრის ინფორმაციით, სულ მალე საკარანტინო სივრცეებში ადამიანებს დახვდებათ ახალი აღჭურვილობა, რომლითაც ექიმები მათი მდგომარეობის უკეთ მონიტორინგს შეძლებენ.