გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, დათესონ ისტერიკა, თითქოს რუსი მოქალაქეები შემოგვესივნენ - წულუკიანი

პუბლიკა

„გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პანიკა და უფრო მეტიც, ისტერიკა დათესონ ქვეყანაში, რომ საზოგადოებაში იყოს მუდმივი წუხილი, შფოთვის განცდა, თითქოს რუსი მოქალაქეები შემოგვესივნენ და ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებას ან ჩვენს სუვერენიტეტს მყისიერად, დღეს და ხვალ რაიმე ემუქრება”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის კომენტარის წერილობით ვერსიას საზოგადოებრივი მაუქყებელი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საზღვარზე შემომსვლელთა ნაკადს შესაბამისი ადამიანები აკონტროლებენ, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„საზღვარზე შემოდის ის, ვინც არის მიჩნეული, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მათ შორის არიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი ქვეყნის შვილები, ეთნიკურად ქართველები ან ეთნიკურად სომხები და სხვა. არა ერთი მათგანი მიემგზავრება სომხეთში, ზოგიერთი მათგანი თურქეთში, ეს ციფრები ამას მოწმობს. 40 პროცენტით არის გაზრდილი შემოდინების რიცხვი, მაგრამ არის არაერთი ადამიანი, რომელიც ვერ შემოდის. ამას განსაზღვრავს კონკრეტული მესაზღვრე იმ ე.წ. უსაფრთხოების ფილტრში, ამიტომ ვიყოთ მშვიდად… ნუ ავყვებით პანიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, არავითარი შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს და თუ იარსებებს, პირველი მთავრობა იქნება, ვინც ამის შესახებ საზოგადოებას ეტყვის.

„მარტშიც ცდილობდნენ დავეპანიკებინეთ, შემდეგ ზაფხულში ცდილობდნენ, მაგრამ არავითარი საფრთხე იმისა, რომ რაღაც ქვეყნის შიგნით აირიოს, არ არსებობს. დიახ, უკრაინაში ხდება საშინელება. დიახ, რუსეთმა გამოაცხადა მობილიზება. ჩვენ ხომ არ ვართ რომელიღაც ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს სხვა პლანეტაზე, ჩვენ ვართ ამ დედამიწაზე, ამიტომ ამის ნეგატიური შედეგები ჩვენზეც აისახება, მაგრამ ეს არის მართვადი პროცესი, არავითარი შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ ამგვარის საფუძველი იარსებებს, პირველი მთავრობა იქნება, ვინც ამის შესახებ საზოგადოებას ეტყვის“, – განაცხადა წულუკიანმა.