გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 17%-ით იკლო - ჯანმო

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, გასული კვირის მონაცემებით, 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 17%-ით იკლო წინა კვირის მონაცემებთან შედარებით. სამაგიეროდ, 7%-ით გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევები.

ჯანმოს მიხედვით, ბოლო კვირაში კორონავირუსის 19 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 68 000 ადამიანი დაიღუპა.

ჯანმოს მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები 36%-ით გაიზარდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობას და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილს მოიცავს.

თუმცა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მთლიანობაში შემთხვევებმა პირიქით, 36%-ით იკლო. 32%-ით იკლო ახალმა შემთხვევებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 22%-ით აფრიკაში, 8%-ით ოკეანეთის ქვეყნებში და 7%-ით ევროპაში.

გარდაცვალების შემთხვევებმა კი იმატა როგორც ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ რეგიონში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. დანარჩენ რეგიონებში გარდაცვალების დაახლოებით იგივენაირი მონაცემები ფიქსირდება.

ჯანმოს მიხედვით, 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში ინფიცირების ყველაზე მეტი 1 874 006 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე კი საფრანგეთია –  1 738 189 შემთხვევით.

6 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ჯამში ინფიცირების 392 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. 5.7 მილიონი ადამიანი კი კორონავირუსს ემსხვერპლა.