გავრილოვი: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს არჩეულ კურსს, ფრენებს აღვადგენთ

პუბლიკა

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა არჩეულ კურსს გააგრძელებს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება.

„ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს არჩეული კურსის ერთგულებას და არ დაუჭერს მხარს ანტირუსულ სანქციებს, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ სააგენტო Regnum-თან.

Regnum-ის ცნობით, გავრილოვი აღნიშნავს, რომ რუსულ-უკრაინული სავაჭრო ურთიერთობის გართულებამ, შესაძლოა, საქართველოს შესაძლებლობები გაზარდოს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველომ უარი თქვა შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მისი შეფასებით, მოკლე დროში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა. პროტესტის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.