„გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ ევროპისთვის გაზის მიწოდებას აღადგენს - Bloomberg

პუბლიკა

„გაზპრომი“ ტექნიკური სამუშაოების მიზეზით შეჩერებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მუშაობის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კომპანია გაზსადენს მხოლოდ მცირედით დატვირთავს. გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტამდე „ჩრდილოეთის ნაკადის“ დატვირთვა თავისი სიმძლავრის 40%-მდე იყო შემცირებული, ახლა კი, ამუშავების შემდეგ, „გაზპრომი“ გაზსადენს სრული დატვირთვის მხოლოდ 20%-ით აამუშავებს მანამ, სანამ კანადიდან თავის ტურბინას არ მიიღებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ შეჩერებას წინ უძღოდა „გაზპრომის“ ერთ-ერთი ტურბინის დაკავება კანადაში, სადაც ის სარემონტოდ იყო გაგზავნილი. გაზსადენის გაჩერების შემდეგ, ევროპის ქვეყნების შუამავლობით, კანადამ ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ის რუსეთში ჯერ არ ჩასულა.

ევროპაში შიშობდნენ, რომ პუტინი გაზს იარაღად კიდევ ერთხელ გამოიყენებდა და „გაზპრომი“ გაზსადენს აღარ აამუშავებდა.