გაზპრომმა დანიურ კომპანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

პუბლიკა

რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ დღეიდან გაზის მიწოდება უწყდება დანიურ კომპანია „ორსტედს“. კომპანიამ მოსკოვის მოთხოვნაზე, რომ რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაეხადა, უარი თქვა, გადახდის ბოლო დღე კი 31 მაისი იყო.

„ორსტედი“ დანიაში უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომლის საკონტროლო პაკეტსაც სახელმწიფო ფლობს. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ, რადგან თავიდანვე უარი თქვეს, გაზის საფასური რუბლებში გადაეხადათ.

დანიაში ბუნებრივი აირი მთლიანი ენერგოსექტორის მხოლოდ 15%-ს იკავებს, „ორსტედში“ კი აცადებენ, რომ მათ არ აქვთ პირდაპირი მილსადენი რუსეთთან, შესაბამისად, მარტივი იქნება გაზის სხვა მიმწოდებლების პოვნა. ამასთან, კომპანიას დიდი საცეცები აქვს დანიასა და გერმანიაში, რომლებიც გაზის მიწოდების შეწყვეტამდე მაქსიმალურად დატვირთეს. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის გაზის ახალი მიმწოდებლების პოვნამდე ბუნებრივი აირის შეწყვეტის რისკი მინიმალური იქნება.

„გაზპრომმა“ გაზის მიწოდება შეუწყვიტა ასევე კომპანია „შელსაც“, რომელიც გერმანიას ამარაგებს გაზით. თუმცა „შელის“ წილი გერმანიის გაზმომარაგებაში ძალიან მცირეა, მსხვილი გერმანული კომპანიები კი „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვას აგრძელებენ.

„გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება აქამდე პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებსაც შეუწყვიტა.