გერმანია ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკომპანიის ნაციონალიზაციას მოახდენს

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, უკრაინაში ომის ფონზე გერმანია ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკომპანია „უნიპერის“ ნაციონალიზაციას მოახდენს.  გარიგების შედეგად, გერმანიის მთავრობა აიღებს ფირმის 98,5%-იან წილს 8,5 მილიარდ ევროდ.

გამოცემის ცნობით, გერმანია რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორია ევროპაში და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა, რადგან რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში მიწოდება შეამცირა.

აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა განაცხადა, რომ გარიგება გაზრდის „უნიპერის“, როგორც „კრიტიკული ენერგიის მიმწოდებლის“ როლს.

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი ევროპას თავისი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40%-ს აწვდიდა, ხოლო დასავლეთის სანქციებს მიწოდების თანდათანობით შეწყვეტით უპასუხა. სექტემბრის დასაწყისში რუსეთმა Nord Stream 1-ის მილსადენით გაზის მიწოდება შეაჩერა, მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დაასახელა, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიწოდება არ განახლდება სანქციების გაუქმებამდე.

„უნიპერი“ რუსული გაზის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია გერმანიაში. ბოლო თვეებში კომპანიას რუსული მარაგი ჩაენაცვლებინა ღია ბაზრის ალტერნატივით, სადაც ფასები გაზრდილია. „უნიპერის“ ფინური მფლობელმა კომპანია „ფორტუმმა“ განაცხადა, რომ კომპანიისთვის გაზთან დაკავშირებულმა დანაკარგებმა 8,5 მილიონ ევროს მიაღწია, ამიტომ „როგორც კერძო კომპანია ვერ გააგრძელებდა თავისი როლის შესრულებას, როგორც კრიტიკული მიმწოდებელი“.

„ევროპაში გაზის როლი ძირეულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ასევე შეიცვალა პერსპექტივა გაზით მდიდარი პორტფელის შესახებ“, – თქვა „ფორტრუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ Uniper-ის ნაციონალიზაცია იყო „აუცილებელი“ ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება „გერმანიის მარაგის უსაფრთხოება“. მისივე თქმით, რუსული მომარაგების დაკარგვის მიუხედავად, გერმანიამ მოახერხა ზამთრის წინ გაზის მარაგის 90%-ზე მეტი სიმძლავრის შევსება.

„ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში ჩვენ საკმაოდ კარგად გავუმკლავდით სიტუაციას, მაგრამ Uniper-ისთვის სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა“, – თქვა მან.

სექტემბრის დასაწყისში გერმანიამ შემოიღო მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგიის მოხმარების შემცირებას და დეფიციტის თავიდან აცილებას მომდევნო თვეებში.

BBC-ის ცნობით, გათბობის საჭიროების შესამცირებლად ბიზნესკომპანიებს აღარ შეუძლიათ კარები მთელი დღის განმავლობაში ღია დატოვონ, ასევე მანათობელი რეკლამა საღამოს 10 საათის შემდეგ უნდა გამოირთოს. საზოგადოებრივი შენობების უმეტესობის დარბაზები და დერეფნები აღარ გათბება, ხოლო ოფისებში გათბობის მაქსიმალურ ტემპერატურად 19 გრადუსი განისაზღვრა. ივლისში ევროპის ენერგეტიკის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე.