გერმანია თანახმაა უკრაინამ გდრ-ის არსენალიდან ჯავშანტექნიკა მიიღოს

პუბლიკა

გერმანია თანახმაა, უკრაინამ 56 ქვეითთა საბრძოლო მანქანა PbV-501 მიიღოს. კიევს ჯავშანტექნიკა, რომელსაც გაერთიანებამდე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ფლობდა, ჩეხურმა კომპანიამ უნდა მიაწოდოს. შესაბამისად, გადაცემისთვის გერმანიის თანხმობა იყო საჭირო.

PbV-501 საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-1-ის მოდიფიკაციაა. საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას 1000-ზე მეტი BMP-1 ჰყავდა, რომელთა ნაწილი გერმანიის გაერთიანების შემდეგ შვედეთს მიჰყიდეს.

შვედეთში ქვეითთა საბრძოლო მანქანებს PbV-501-ის სახელი მიენიჭათ და მოდიფიცირება, განახლება ჩაუტარდათ. მოგვიანებით კი PbV-501 ტიპის ჯავშანტექნიკა ჩეხური კომპანიის საკუთრებაში გადავიდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის თქმით, დასავლეთი შეთანხმდა, რომ უკრაინას მეტი ლეტალური შეიარაღება გადასცენ, მათ შორის, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საჰაერო და სანაპირო დაცვის საშუალებები.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა კი განაცხადა, რომ ისინი უკრაინას Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ. მძიმე ტექნიკა უკრაინას რუსულ პოზიციებზე ძლიერი კონტრშეტევების წამოწყებაში დაეხმარება.