გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქებას კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოჰყვა - BBC

პუბლიკა

ბრიტანული გამოცემა BBC წერს, რომ ბოლო ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებით, გერმანიაში  ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქებას კორონავირუსული ინფექციის ზრდა მოჰყვა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ახალი ანგარიშის თანახმად, გერმანიაში კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის რიცხვი ზრდადია. ანგარიში მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ათასობით გერმანელი, კარანტინის დასრულების მოთხოვნით შეიკრიბა. საპროტესტო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზომების სწრაფად გაუქმების მოთხოვნით გაიმართა.

რეპროდუქციის მაჩვენებელი, იგივე გავრცელების კოეფიციენტი, აღნიშნავს, საშუალოდ რამდენ ადამიანს გადასდებს ვირუსს ერთი ინფიცირებული. BBC-ის ცნობით, როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვირუსის მკვეთრ ზრდასთან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1.1-ია. კოეფიციენტის ზრდის გამო უახლოეს დღეებში აუცილებელია ვითარების მკაცრი მონიტორინგი.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გერმანიის 16-ივე მიწის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ეროვნული შეზღუდვების მოხსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა მაღაზია გაიხსნა. ასევე მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების უფლება მიეცათ. შემდეგ კვირას კი გერმანიის საფეხბურთო ლიგა, ბუნდესლიგა იწყება.

Worldometers-ის ინფორმაციით, გერმანიაში კორონავირუსის 171 704 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაიცვალა 7 549 და გამოჯანმრთელდა 144 400 ადამიანი.