გერმანული დაზვერვის მიხედვით, ბუჩაში მოქალაქეების ხოცვაში „ვაგნერის“ წევრები მონაწილეობდნენ - Spiegel

პუბლიკა

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სადაზვერვო სამსახურმა მოახერხა რუსული სამხედრო დანაყოფების რადიოსიხშირეების დაჭერა, რომელზეც რუსები ბუჩაში დახოცილი მოქალაქეების შესახებ საუბრობდნენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ კავშირშია იმ დაღუპულთა სხეულებთან, რომლებიც კადრებზეა აღბეჭდილი.

გამოცემის ინფორმაციით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან მტკიცდება, რომ ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში რუსმა სამხედროებმა მოაწყეს, ხოლო დანაშაულის კვალი მიდის სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერამდე“.

რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ბუჩაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს. ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და იყო წამების კვალი. რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს თავისი ჯარისკაცების მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მკვლელობების ინსცენირებაში უკრაინას ადანაშაულებს.

თუმცა, როგორც Spiegel წერს, რუსების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ არა მხოლოდ ადგილობრივები, რომლებიც შეესწრნენ მასობრივ მკვლელობებს, არამედ გერმანული დაზვერვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც. გამოცემა წერს, რომ დაზვერვამ მოკვლეული ინფორმაცია უკვე წარუდგინა გერმანელ პოლიტიკოსებს.

მაგალითად, გერმანული დაზვერვის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება ერთი სამხედრო მეორეს, რომ ახლახან ველოსიპედით მიმავალი ადამიანი მოკლეს. სხვა ჩანაწერში კი ისმის, როგორ ეუბნება ჯარისკაცი სხვას, რომ ჯერ დაჰკითხონ სამხედროები, შემდეგ კი ესროლონ.

გერმანული დაზვერვის მოპოვებული მასალები ასევე ამტკიცებს, რომ ჩადენილ სისასტიკეში მთავარ როლს სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერი“ ასრულებდა – დაჯგუფება, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა სხვა კონფლიქტებშიც, რომლებშიც მონაწილეობდა.

თვითმხილველთა მონათხრობისა და დაზვერვის მონაცემებით დგინდება, რომ ბუჩა თავდაპირველად ახალგაზრდა სამხედროებმა დაიკავეს, შემდეგ კი ისინი სხვა ჯგუფმა შეცვალა, რომელიც გამორჩეულია თავისი სისასტიკით.

ასევე, წყაროები, ვინც კავშირშია დაზვერვის მოპოვებულ მასალებთან, Spiegel-ს უყვებიან, რომ ჩანაწერების მიხედვით, სისასტიკის ჩამდენი სამხედროებისთვის ეს ყოველდღიურობა იყო და მასზე როგორც გეგმაზე, ისე საუბრობდნენ. ეს კი უფრო სავარაუდოს ხდის, რომ რუსების სისასტიკე არა კონკრეტული პირების დანაშაული, არამედ სისტემური ძალადობა და რუსული სტრატეგია იყო.