ღარიბაშვილი: იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია.

შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული;

შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები;

ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა;

მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი უკვე დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში, ნაწილი – მომავალში დასაქმდება.

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს „არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე”.

ღირიბაშვილის განცხადებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. ის 500 საწოლზე იქნება გათვლილი.
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

მთვრობის ადმინისტრაციისვე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე იწყებს შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.