ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა, კითხვა არ დასმულა, არ ვიცი, რატომ აწიეთ ეს თემა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა „ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა”.

მისი თქმით, უცნაურია იმ თემის გააქტიურება, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა – ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის 4 წელი უწყებაში ისე მუშაობდა, ამაზე არც ერთი კითხვა არ დასმულა.

„ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს.

თუ არ ვცდები, 4 წელი ის სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის საკითხებში.

4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა“. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წლის 14 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დავით ხიდაშელი უწყებაში მრჩევლად მუშაობდა 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ პერიოდში მას არ ჰქონია დაშვება საიდუმლო ცნობებზე.

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა. სწორედ მან ჩამოიტანა რუსეთიდან რუკები, რომელთა საფუძველზეც დავით გარეჯთან საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ისინი დააპატიმრა კიდეც.

მაშინ რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში დავით ხიდაშელმა ისაუბრა, როგორ სთხოვა დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

ხიდაშელს 2014 წლამდე რუსულ კომპანია Sistema-ში მაღალი თანამდებობა ეკავა. კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ Sistema-ს პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, კომპანიის მფლობელი მისი “ამხანაგი” ვლადიმერ ევტუშენკოვია.

ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ. მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.

ვლადიმირ ევტუშენკოვია ის პირი, რომლის ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც 2022 წელს გავრცელდა.

2022 წელს დავით ხიდაშელმა და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებშიც მიიღეს მონაწილეობა: 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მას რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით გადაეცა. 2023 წლის ნოემბერში აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა.

გარდა ამისა, ხიდაშელის ოჯახმა „რიყის დოქები” 10-მილიონ ლარად შეიძინა.