„ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, მეგობრებო?“ - გიორგი გახარია წერილის ექსპერტიზაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, სამხარაულმა დაასკვნა, რომ ხაზარაძის წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის.

„თქვენ არტარეას უყურებთ? უყურეთ არტარეას და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა არტარეას. ახლა ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, მეგობრებო?  ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მთავარი რა იყო: მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობის უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე ისევე, როგორც სხვებმა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა გახარიამ.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგს ასაჯაროებს.

საუბარია წერილის ექსპერტიზაზე. ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი იყო.

პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, „სამხარაულის” დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„დღევანდელი პროკურატურისგან, გარდა ასეთი არაკომპეტენტური განცხადებებისა, ჩვენ არაფერ სასიკეთოს არ უნდა ველოდეთ. ეს არის უსუსური მცდელობა, გაათეთრონ გიორგი გახარია და მისი როლი ამ წერილთან დაკავშირებით”, – პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომ ე.წ. მუქარის წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.