გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ თანამდებობას ტოვებს.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება სამინისტროში შეხვედრა, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს”, – განაცხადა გამყრელიძემ „კურიერის“ ეთერში.

ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ბატონ ამირანს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი.

გუშინ გვქონდა საუბარი, განიხილებოდა თუ არა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ, მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი”, – თქვა მან.