გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

პუბლიკა

პლატფორმამ – „გხედავ”, გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ მიიჩნევა, სანამ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება. ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს რურუა.

„2020 წლის 8 მარტს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც საკონსტიტუციო ცლილებებთან ერთად ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დასრულებას ითვალისწინებდა.

აღნიშნული შეთანხმება შესრულებულად ვერ მიიჩნევა, სანამ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება. ამას იზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და მეგობრებიც. გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობაა, რომლის შესრულებაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს და იქნება ქვეყანაში პოლიტიკური მიზნით მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების აღმოფხვრისაკენ გადადგმული ნაბიჯი.

მოვითხოვთ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას”, – აცხადებენ პლატფორმის აქტივისტები.


„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.


ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ.